პროფესიონალურ რეზიუმეში, ე.წ. CV-ში, ალბათ, ყველას მიგვითითებია, რომ კომპიუტერულ პროგრამებს: Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Excel ვფლობთ. თუმცა, რეალურად, საქმე საქმეზე რომ მიდგება, არ ვიცით ხოლმე, მაგალითად, Word-ში დიზაინი როგორ უნდა შევცვალოთ, PowerPoint-ში დიაგრამები როგორ ავაგოთ და Excel-ში როგორ გადავარქვათ სახელი ფურცელს ე.წ. Sheet-ს? ერთი შეხედვით, ძალიან მარტივ ოპერაციებს, ხშირად, თავს ვერ ვართმევთ, ან იმდენად ბევრ დროს ვხარჯავთ ამაზე, რომ სხვა რამისთვის ენერგია აღარ გვრჩება.
იცოდით, რომ ქართული youtube-არხი არსებობს, რომელსაც რამდენიმე წუთში შეუძლია, სრულიად უსასყიდლოდ, საოფისე პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმაროთ? – „გამარჯობა, მადლობა, რომ ესტუმრეთ ჩემს არხს. მე გიორგი ვარ დათუკიშვილი და წარმოგიდგენთ „იუთუბზე“ ქართული ვიდეოგაკვეთილების არხს – „ელექტრონული აკადემია“. არხზე განთავსებულია Microsoft Office-ის სხვადასხვა პროგრამის ვიდეოგაკვეთილები და არამარტო“.
გიორგი დათუკიშვილი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესორი და Microsoft Office-ის ტრენერია. youtube არხი კი, 2012 წელს შექმნა. სტუდენტებს, რომლებსაც მისი ლექციის გაცდენა უწევდათ, საშუალება ჰქონდათ, სილაბუსის მიხედვით ატვირთული 3 საათიანი ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით მიეღოთ ის ინფორმაცია, რაც შეხვედრის განმავლობაში უნდა მოესმინათ. ეს არ იყო ფართო მასისთვის განკუთვნილი კონტენტი, ატვირთული მასალა, უშუალოდ, სასწავლო პროგრამას ერგებოდა.
მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, არხის შესახებ ინფორმაცია სალექციო კურსის ფარგლებს გასცდა და ვიდეოგაკვეთილებით დაინტერესებულ პირთა რიცხვიც გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ რთული იყო 3 საათიან ლექციებში კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მოძებნა, 2016 წელს, გიორგიმ არხის კონცეფცია შეცვალა და მუშაობა ახალი მიდგომით განაგრძო. „ელექტრონული აკადემიის“ სახელით დაიწყო სასწავლო ვიდეოების ატვირთვა, ქრონომეტრაჟი საგრძნობლად შეამცირა და კონტენტი უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გახდა. ადრე არხი თუ 150 000 მნახველს ითვლიდა, დღეს უკვე, მილიონამდე სულ რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა.
ორი კვირაა, რაც ფეისბუკგვერდიც განვაახლეთ და რუბრიკები დავამატეთ. ყოველდღე რაღაც ხდება. ორშაბათი არის „კლავიატურის კომბინაციის დღე“, სამშაბათი – „ფაილში ფორმატირების დღე“, ოთხშბათს გვაქვს „1 წუთი ექსელთან“. ამ შემთხვევაში, 1წუთი ეთმობა ისეთ თემებს, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია. 1 წუთიანი ვიდეოს შემდეგ კი, ვისაც უფრო სიღრმისეულად უნდა კონკრეტული თემატიკის შესწავლა, მათთვის უფრო დიდი ვიდეოებიც გვაქვს, მაქსიმუმ, 12 წუთიანი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიდეოს ყურებისას სამუშაო ფაილის ჩამოტვირთვა და პარალელურად, ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება შეგიძლიათ.
გიორგის თქმით, საზოგადოებაში, საოფისე პროგრამებთან დაკავშირებით არასწორი მოლოდინები არსებობს:
- „ექსელის“ ცოდნა ბევრად უფრო რთული და ღრმაა, ვიდრე CV-ს ერთ-ერთ უნარებში ჩაწერისას ვგულისხმობთ ხოლმე;
- Excel-ის საფუძვლიანი შესწავლა საკმაოდ ძვირადღირებულია;
- ექსელი არაა მხოლოდ საბუღალტრო ან ფინანსისტების პროგრამა. ის ყველა პროფესიაში აუცილებელია და მას კარგი ანალიტიკური თუ ლოგიკური აზროვნება ნამდვილად სჭირდება.
„ელექტრონული აკადემიის“ საქმიანობა მხოლოდ სასწავლო ვიდეოებით არ შემოიფარგლება. ხშირადაა შემთხვევა, როცა ადამიანები, კონკრეტული პრობლემებით, გიორგის უკავშირდებიან და წერილობითი, სატელეფონო კონსულტაციებითა თუ ვიდეოზარების საშუალებით ეხმარება მათ.
ჩვენს კითხვაზე, რა აძლევს მოტივაციას, რომ სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარი დრო და ენერგია სხვებისთვის ცოდნის გაზიარებასა თუ სტერეოტიპების მსხვრევას მოახმაროს, გვეუბნება: „ჩემთვის მთავარი მოტივაცია არის ადამიანების ბედნიერება. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ცოდნით, ადამიანებს შვებას ანიჭებ. დიდ ენერგიას მაძლევს, როცა რომელიღაც რაიონიდან, სოფლიდან მწერენ, რომ ჩემი დამხარებით, რაღაც გაიგეს და სასწავლო პროცესში უკვე თავადვე იყენებენ“.
და რომ შევაჯამოთ, ქართულ რეალობაში, რა პრობლემას ჭრის თქვენი არხი? – „მე ვფიქრობ, რომ ქართული ბაზრისთვის ეს ძალიან ღირებული პროდუქტია. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, Microsoft Office-ის პროგრამები, რომელიც ნებისმიერ საქმიანობაშია საჭირო, უფასოდ ისწავლოს“.
0 коммент.:
Отправить комментарий